საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო პარტია ლელოს გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველოს გავლით რუსული სანქცირებული ტვირთები მიედინება, მათ შორის, ნავთობი.
ტრანსპორტის სააგენტოში ამ ინფორმაციას "სიცრუეს" უწოდებენ და აცხადებენ, რომ "დღემდე საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემის ან ტვირთის შემოსვლის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა".
"გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ მედიაში და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ არაერთხელ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს და ხაზგასმით განვმარტოთ, რომ დღემდე საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემის ან ტვირთის შემოსვლის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ როგორც გემების, ასევე ტვირთის შემოწმებას საქართველოს რომელიმე ნავსადგურში შემოსვლამდე.
გემის შემოწმების პროცესში გამოიყენება ევროკავშირის რეგულაციები, რომლებიც აწესებს სანქციებს, მოქმედების პირობებს", - ნათქვამია განცხადებაში.
პარტია ლელოს გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, საქართველოს გავლით რუსული სანქცირებული ტვირთები მიედინება, მათ შორის, ნავთობი. ამის შესახებ კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კუპრაძე ამბობს, რომ მათ მიერ მოპოვებულ დოკუმენტაციას თან ახლავს საქართველოს შესაბამისი უწყებების, სასაზღვრო, საზღვაო დეპარტამენტის მონაცემები ტვირთების ოდენობასა და მათ სახეობებთან დაკავშირებით.
ამასთან, ლელოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების კლანის წევრების, მათ შორის, ვანო ჩხარტიშვილის გასამდიდრებლად, საქართველო რუსეთისთვის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის პროცესში მონაწილეობს.